ოთახში შემოსვლისას ნაგრძნობი სუნი სუნთქვას მიკრავს, საიდანღაც სუსტი ნიავი მოდის, წინ ჩამოყრილ თმას ოდნავ მირხევს და მოშიშვლებულ კისერზე ცივი სუნთქვა მეცემა, იისა და მიწის სუნით გაჟღენთილი სუნთქვა. შიშისგან ენა მივარდება, ერთიანად ვცახცახებ, მინდა გავიქცე მაგრამ მოჯადოებულივით ერთ ადგილას ვარ მიყინული, ტუჩებს ერთმანეთს ვაჭერ, კივილი რომ არ აღმომხდეს. სუნთქვის შეგრძნება კისრიდან მხარზე ინაცვლებს, ვგრძნობ როგორ მიდგება ყალყზე თმები, ვგრძნობ, როგორ მიფათურებს რაღაც თმის ძირებში, როგორ დადიან ჭიანჭველები ჩემს თავში და ვგიჟდები.
↧